"ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას"- პროკურატურა

26 ივნისი 2019, 12:23 1946 ნახვა

პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გააცნო.

”მიუხედავად იმისა, რომ ნიკანორ მელიას ჰქონდა გამოცხადების ვალდებულება, მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც დადგენილება,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ, გაეცნო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს“-ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ. გამოძიების მიერ  მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის, ნიკანორ მელიას მიმართ პროკურატურამ ბრალდების დადგენილება 2019 წლის 25 ივნისს გამოიტანა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად,  გენერალურმა პროკურატურამ  უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად კანონით გათვალისწინებული თანხმობის მიღების წინადადებით.

საქართველოს პარლამენტის წინ 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე   მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში დღეს 10:00 საათზე ბრალდების წარდგენის მიზნით დაბარებული იყო საქართველოს პარლამენტის წევრი  ნიკანორ მელია. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში