ჩვენი მთავარი პრინციპი, რითაც ვიხელმძღვანელეთ შეწყალებისას, იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ საკითხს და სწორედ ასე გაგრძელდება მომავალშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ არავინ გაბედოს და არ სცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება.
"ჩემთვის გაუგებარია გარკვეული ჯგუფების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი. არ მესმის, როგორ შეიძლება, არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ საკუთარ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და მეგობრებს. ჩვენ, შემჭიდროებულ ვადებში, აქტიურად ვიმუშავეთ არაერთ უწყებასთან, რომ ადამიანებს მალე შესძლებოდათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. მადლობას ვუხდი, აღნიშნულ პროცესში ჩართული თითოეული უწყების ხელმძღვანელს და წარმომადგენელს. მთავარი პრინციპი, რითაც ვიხელმძღვანელეთ, იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ საკითხს და სწორედ ასე გაგრძელდება მომავალშიც. არავინ გაბედოს და არ სცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება.
„ცალსახაა, რომ ჰუმანური აქტი კარგია, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა ვიყოთ დანაშაულის პრევენციაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია. უნდა გავზარდოთ განათლების სისტემის როლი ახალგაზრდების განვითარებაში, ვიზრუნოთ სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე იქნება ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ამ ყველაფერს მთლიანობაში პრევენციული ხასიათი ექნება და უზრუნველყოფს რომ, რაც შეიძლება დაბალი იყოს დანაშაულში ჩართულობის რისკები ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სპორტულმა მიღწევებმა და წარმატებებმა საზოგადოება გააერთიანა, ყოველი გამარჯვების დროს ქართველი ხალხი სიყვარულით სავსე იყო.
„ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გააერთიანა სპორტულმა მიღწევებმა და წარმატებებმა ჩვენი საზოგადოება, რამდენად სიყვარულით სავსე იყო ქართველი ხალხი ყოველი გამარჯვების დროს. ჩვენ გვყავს ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები, რომლებიც ამის მონაწილე არიან, ყველა გაგვახარეს და კიდევ ერთხელ ამ ბიჭებს დიდი მადლობა იმისთვის, რომ გაახარეს ჩვენი ერი. ასევე უდიდესია კულტურის სფეროს როლი, რომელიც სიამაყით ავსებს თითოეულ ქართველს და აერთიანებს საერთო ისტორიის, კულტურისა და იდენტობის გარშემო. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში ხელოვნური პოლარიზაციის ფონზე სპორტმა და კულტურამ განსაკუთრებული გამაერთიანებლის როლი უნდა ითამაშოს. მე ვაპირებ, წარმატებულ, ჩვენთვის საყვარელ სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად არაერთი საინტერესო იდეის განხორციელებას, რომელსაც საზოგადოებას ახლო მომავალში გავაცნობ,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.