თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ - მიხეილ ყაველაშვილი

04 თებერვალი 2025, 12:18 146 ნახვა

ახალი წესით ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ, საქართველო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის ფარგლებშიც კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით, თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„რვა წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრობამ დიდი პოლიტიკური გამოცდილება შემძინა. ახალი წესით ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ, საქართველო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის ფარგლებშიც კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით, თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული წარმატება მინდა ვუსურვო მე-11 მოწვევის პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ. მჯერა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაძლიერების ოთხი წელი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის.

„ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის. მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, მდიდარი ისტორია, კულტურა, ქართველი ერის ღირსება და მტკიცე ხასიათი ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომელიც საქართველოს წინ ანთებული ლამპარივით მიუძღვის ამ რთულ და სახიფათო გზაზე. ჩვენი წინაპრების გამოცდილებამ გვასწავლა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შეუპოვრობასა და უსამართლობასთან ბრძოლას; უფლის, სამშობლოსა და საკუთარი თავის რწმენას. ჩვენი პატარა, თუმცა ამაყი ერი სწორედ ამ პრინციპების დაცვამ გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, თანაც ისე, რომ შეინარჩუნა საკუთარი ენა, დამწერლობა, კულტურა, სარწმუნოება, ადათ-წესები და იდენტობა, მაშინ როდესაც, საქართველოს დამპყრობელი არაერთი უძლიერესი ერი დაინგრა და განადგურდა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ქართველებმა, ზუსტად ვიცით, რა პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა გვევალება, რას უნდა მოვუფრთხილდეთ და საბოლოოდ როგორი საქართველო ავაშენოთ. საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთსულოვანია და ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე. განსხვავებულობის მიუხედავად, ერთმანეთის გვერდში დგომით, მტკიცედ იცავს საკუთარ სამშობლოს, როგორც ერთიან, დიდ ოჯახს რომელსაც საქართველო ჰქვია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს მოუწევთ, მიიღონ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი და პატივი სცენ მას.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა, კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც დესტაბილიზაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ.

„ამ დღეს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა და განვითარება; ტრადიციების, ღირებულებების, სარწმუნოების, ოჯახისა და ღირსების დაცვა, უარი უთხრა ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს იდენტობასა და თვითმყოფადობას. სურთ თუ არა ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს, მოუწევთ, მიიღონ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი და პატივი სცენ მას,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ქვეყნის სამსახურში დაუღალავად დგას.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლით გაიხსნა. რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, სიტყვით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი გამოვა. სიტყვით გამოსვლით, სავარაუდოდ, “ხალხის ძალის“ წარმომადგენელიც ისარგებლებს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში