რას სთავაზობს კომპანია ამბოხებულ ჭიათურას  - "ეს აუცილებლად დამთავრდება, აუცილებლად მოვილაპარაკებთ" 

27 მაისი 2019, 16:30 2801 ნახვა

მაღაროელების შიმშილობის მე-11 დღეს, ჭიათურა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები და დირექტორები, თეატრის მსახიობები, ქალაქის დიდი ნაწილი სოლიდარობის ნიშნად ქუჩაში გამოვიდა. ქალაქი მაღაროელების პროტესტს შეუერთდა.

კომპანიის საქმიანობის შედეგად დაბინძურებული ჰაერი, რეკრეაციული ზონების დეფიციტი, სოციალური მომსახურება მაღაროებში დასაქმებულებს - ეს იყო მთავარი გზავნილები, რომელიც ჭიათურაში დღეს ხმამაღლა ისმოდა. 

ამბოხებულ ქალაქს და მაღაროელებს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს კიდევ ერთხელ უპასუხა და წინადადებები შესთავაზა. 

"მოვუწოდებთ გაფიცულებს დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და გავიაროთ ყველა საკითხი. არ შემიწყვეტია მათთან არც ერთი დღე კომუნიკაცია. ჩვენი შეთავაზება შემდეგია: ხელფასების 25%-იანი ეტაპობრივი ზრდა. პირველი ივლისიდან, როგორც კი დაიწყება რესტრუქტურიზაცია, ჯერ 15%-იანი მატება, შემდეგ კი, 2020 წლის 1 ივლისს 10%-იანი ზრდა და ამ შეთავაზებას ვაფორმებთ დღესვე. 

გვაქვს მეორე შეთავაზება -  ხელფასები  10%-იანი ზრდა და ბანკებთან საკრედიტო ვალდებულებების დაფარვა. რაც შეეხება თანამშრომლების სოციალურ მომსახურებას - ჩვენ შევცვალეთ კვების კომპანია, გამოვაცხადეთ ტენდერი და როცა შევლენ სამუშაოდ, იმედია უკვე ახალი კომპანია იქნება. ასევე, ჩვენ ველაპარაკებით სადაზღვევო კომპანიას და თუ რაიმე პრეტენზიები აქვს თანაშრომლებს, მათთან ერთად გავივლით. გვინდა, რომ სულ იყოს ერთი სამუშაო ჯგუფი, სადაც ამ ტიპის საკითხებს განვიხილავთ და გავაკონტროლებთ სამომავლოდ" - განაცხადა კომპანიის დროებითმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა. 

თანამშრომლების გარდა, დღეს კომპანიას შეთავაზებები ჭიათურლებთანაც ჰქონდათ. ნიკოლოზ ჩიქოვანი ამბობს, რომ ქალაქიდან გაიყვანენ სატვირთო მანქანებს და რკინიგზის მომსახურებაზე გადავლენ. ასევე, ახალი პარკის მშენებლობისა და დასუფთავებისთვის ახალ, სპეცტექნიკას შეიძენენ.

გაფიცული მაღაროელებისთვის კომპანიის წინადადება მიუღებელია. ისინი უპირობოდ ითხოვენ ხელფასების 50%-იან მატებას და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. 

„ჯორჯიან მანგანეზში“ კი ამბობენ, რომ კომპანიას, ამ ეტაპზე, მეტი რესურსი არ აქვს. 

''შეუძლებელია, ამ მოცემულობაში კომპანიამ 50% გაზარდოს ანაზღაურება. დღეს ამის რესურსი არ არსებობს. პროცესები ყოველწუთიერად იცვლება. ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებლად მოვილაპარაკებთ და საპროტესტო აქცია დასრულდება'' - უთხრა ჟურნალისტებს ნიკოლოზ ჩიქოვანმა. 

ჭიათურაში დღეს საკითხის გასარკვევად, პრემიერ მინისტრის დავალებით სამი მინისტრი ჩავა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში