თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილება სამწუხაროა, რადგან არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა, რისთვისაც ქართული მხარე მზად არის.
„მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო. სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ გასული ოთხი წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა. ამისთვის ქართული მხარე, ჩვენი ხელისუფლება, სახელმწიფო არის თავიდან ბოლომდე მზად და ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში.
რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით. თუმცა, ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ამისთვის თავიდან ბოლომდე მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.