გადაუღებლად თოვს ამ დრომდე აჭარის მაღალმთიან სოფლებში. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თემებთან მისასვლელ გზებზე. შეზღუდვაა ენერგომომარაგებაშიც. სასწავლო პროცესი შეწყდა ხულოსა და შუახევის 17 საჯარო სკოლაში.
რამდენიმე ბაღში კი სააღმზრდელო პროცესი ჩაიშალა, იმის გამო, რომ ბავშვებმა დიდთოვლობის გამო მისვლა ვერ მოახერხეს. მაღალმთიან ზოგ სოფელში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. განვითარდა მცირე მეწყრული პროცესებიც, ხიხაძირში ზვავი ჩამოწვა. დღეს დროგამოშვებით თოვდა ბათუმშიც.