ოპოზიციის გარეშე ჩატარდა საკრებულოს სხდომა ქედაში, ქობულეთის მსგავსად აქაც საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის განსაზღვრის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში ასეთი სათამაშო ბიზნესი არ არსებობს, თუმცა როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, მისი მიღება კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა.
დეპუტატების უმრავლესობამ დადებითად შეაფასა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის გასული წლის ანგარიში. დამტკიცდა საკრებულოს მიმდინარე წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმაც. ამის გარდა მოქალაქის განცხადების საფუძველზე სოფელ წონიარისში ერთ-ერთი ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ საჭირო პროცედურებზეც იმსჯელეს.