ეკონომიკის სამინისტროში ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას პასუხობენ, უწყებაში აცხადებენ, რომ ახალ ბულვარში ტერიტორია შპს ''რეკან ჯგუფ ჯორჯიამ'' იყიდა, ნასყიდობის ხელშეკრულებაში კი სამუშაოების შემსრულებელი კომპანია არ ფიქსირდება.
''ნაციონალურ მოძრაობაში'' დღეს აჭარის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს. გელა დეკანაძის განცხადებით, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, 15 ათასი კვადრატული მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად პირდაპირი მიყიდვის წესით, ახლად დაარსებულ კომპანიას გადასცეს, შემდეგ კი ამ კომპანიამ ტერიტორია ერაყის მოქალაქეებზე გაასხვისა. სწორედ ახალმა მფლობელებმა გადაიხადა საპრივატიზაციო თანხა.
ხელშეკრულებაში კი გაწერილი იყო, რომ მშენებლობის უფლება მხოლოდ სამშენებლო კომპანია ''ანაგს'' ექნებოდა.