შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება არაევროპული საქციელია ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ.
„ოფიციალური ვიზიტის დროს თუკი საჭირო იქნება ვიზის აღება, აიღებს ადამიანი ვიზას. არ არის პრობლემა. მინდა ვთქვა, რამდენად არაევროპული, მათ შორის რამდენად დაბალი საქციელია, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და ზოგადად ქართველი ხალხის მიმართ. ეს არ ეკადრება უბრალოდ ევროკავშირს, მაგრამ იმდენი რაღაც იკადრა ზოგიერთმა ბრიუსელიდან, რომ რა ვქნათ, ამასაც ვხედავთ. როცა განსაკუთრებით გვესაუბრებიან დემოკრატიაზე და იმ კაბინეტებში, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ზუსტად იმ კაბინეტებში, შარშან ეჯდათ ზურაბ ადეიშვილი, ადამიანი, კრიმინალი, რომელიც იძებნება, რომელმაც წამების სისტემა შექმნა საქართველოში. ვისი სქემები იყო „იმედისა“ და ,,რუსთავი 2''-ის ტელევიზიების მფლობელებისთვის წართმევა – ზურაბ ადეიშვილის სქემებით მოხდა ეს ყველაფერი. ეს ადამიანი უზით იმ კაბინეტში და შემდეგ იმ კაბინეტიდან ქართველ ხალხს ელაპარაკებიან დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, მათი დელეგაცია ძალიან მკაფიოდ, ცალსახად და პირდაპირ ამბობს ქართველი ხალხის სათქმელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. „ევროპის სახალხო პარტიის“ მოკავშირე და მარიონეტია ქართული ოპოზიცია, რომელიც მოქმედებს არა საქართველოს, არამედ ამ პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესით.
„ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს ოპოზიცია, ასევე ვიცით, ვინ არიან მათი მფარველები – „ევროპის სახალხო პარტია“. ეს ის გაერთიანებაა, რომელიც ცდილობს ციხიდან მიხეილ სააკაშვილის დახსნას, ადამიანის, რომელმაც შექმნა წამების სისტემა და მას უწოდებენ მოდერნიზების, დემოკრატიის მაგალითს, ადამიანს, რომელმაც წამების, რეკეტის, მედიის დახურვის სისტემა შექმნა საქართველოში. ეს ის ღირებულებაა, რომელსაც ქართველი ხალხი არ იზიარებს. ამიტომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ინიციატივა იყო იცით საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის კენჭისყრაზე დაყენების საკითხი. მათი მოკავშირე და მარიონეტია ის ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვყავს, რომელიც მოქმედებს არა საქართველოს ინტერესის, არა ქართველი ხალხის ინტერესის, არამედ სწორედ ამ პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესით, რომელიც ცდილობს, საქართველო რამენაიარად დააზიანოს იმ შემთხვევაში, თუ არ მიაღწევენ თავიანთ შედეგებს, შედეგები კი არის მიხეილ სააკაშვილის დახსნა კანონიერი პატიმრობიდან და საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში შეყვანა. ასე რომ, ჩვენი დელეგაცია ძალიან მკაფიოდ, ცალსახად და პირდაპირ ამბობს ქართველი ხალხის სათქმელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. იმედი მაქვს, ასამბლეის წევრები არ დაყვებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ იარაღად ქცევის მცდელობებს და გაიაზრებენ, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს თავად ასამბლეას დააზიანებს.
ასამბლეას მთავარი არსი არის დიალოგის პლატფორმა. ახლა თვალებს თუ დახუჭავენ, აღარ მოისმენენ არავის სათქმელს და ჩაიხარშებიან საკუთარ ნარატივებში, რიგ შემთხვევაში, ცრუ ნარატივებში, საბოლოო ჯამში, ეს დააზიანებს თავად მათ, იმ ხალხს, რომლებიც ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ. საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, იქნება სამწუხარო ფაქტი, რომელიც უბრალოდ გვაჩვენებს, რომ ხდება საერთაშორისო პლატფორმების პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევა ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დაქირავებული ადამიანია და მოქმედებს მაკკეინის ინსტიტუტის დღის წესრიგის შესასრულებლად.