ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო მიმოსვლის უფლება უჩერდებათ - ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების თაობაზე, რამაც საქართველოს დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის ევროკავშირში მოგზაურობისას ვიზაზე განაცხადის გაკეთების საჭიროება შეიძლება გამოიწვიოს.
გადაწყევტილების მიზეზად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღება დასახელდა. პრესრელიზის თანახმად, წინადადება ასევე პასუხია საქართველოს ხელისუფლების სადამსჯელო ქმედებაზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომლებიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2024 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ აღარ აპირებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს 2028 წლამდე.