პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ტატა ხვედელიანი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმაურება. მისი განცხადებით, მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი და ივანიშვილის მძევალია.
ხვედელიანმა ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრებს მიმართა და მათ მზია ამაღლობელის საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდა. ,,გახარია საქართველოსთვის'' პარტიის წევრმა ბრიფინგზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი, უკვე მესამე წელია, სრულიად უარგუმენტოდ იმყოფება ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, სადაც სასჯელს შემსუბუქებულ პირობებში იხდის, მის გამო იწვევენ კონსილიუმებს, ყიდულობენ მილიონიან აპარატურას.
მისივე თქმით, მაშინ როდესაც სააკაშვილს აქვს წვდომა მედიასთან, პირდაპირი ეთერები სასამართლო დარბაზში, სარგებლობს ყველა პრივილეგიით, ამ დროს, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და მე-17 დღეა შიმშილობს.