შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად (კერძოდ, სხეულის რენტგენო სკანერით), დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, საერთო წონით - 464.06 გრამი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ნაკეთობები 4 შეკვრად იყო დაფასოებული და სამართალდამრღვევ მოქალაქეს ქურთუკის ჯიბეებში ჰქონდა ჩადებული.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 55 654.72 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.