ძალადობისა და მუქარის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ამხილეს

07 მარტი 2025, 10:41 271 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ამხილა.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. კერძოდ, 2024 წლის ივლისში ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბრალდებულმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაზარალებულ ქალს სხეულის სხვადასხვა მიდამოში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის საფუძველზე, გამოძიება აწარმოვა. გამოიკითხა დაზარალებული, რომელსაც ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. აგრეთვე გამოიკითხა დაზარალებულის ოჯახის წევრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის სამი ეპიზოდისთვის და მუქარის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა", - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გრძელდება. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში