პროევროპული აქციების მონაწილე პირების საქმეზე მოსამართლე მარიანა ფომაევა გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. ელიზბარ ჩხიკვაძის, გოგიტა ლომინაძის, თათია აბულაძისა და სხვა პირების საქმეზე სასამართლომ მტკიცებულებები დღეს გამოიკვლია.
საქმეში მთავარი მტკიცებულება აქციის ამსახველი ვიდეო ჩანაწერებია, რომლებიც მხარეებმა წარადგინეს. მათ საპატრულო პოლიცია 31 იანვარს კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში ზებრა გადასასვლელის გადაკეტვას ედავება.
ოქმის შემდგენი მხარის განმარტებით, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი, შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა და მოახდინეს სავალი გზის ბლოკირება.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს არ ეთანხმებიან უფლებადამცველები. მათი განმარტებით, საპატრულო პოლიციამ ამჯერადაც ვერ დააკონკრეტა, თუ რა ოდენობის ადამიანი უნდა იყოს აქციაზე, რომ გზის გადაკეტვა ჩაითვალოს ლეგიტიმურად, ასევე მათი განცხადებით, აქციის მონაწილეებმა გამოიყენეს ქვეითის უფლება ზებრა გადასასვლელზე ემოძრავათ.
ადვოკატები საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვენ და მიუთითებენ, რომ ხელისუფლება ამ ფორმით ცდილობს, მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად შეუზღუდოს.