საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც ითხოვდნენ ბრალდებულებისთვის ხანგრძლივი პაემნის უფლებას. სარჩელი ნინო ლომჯარიამ 2021 წელს შეიტანა.
ყოფილი სახალხო დამცველი ბრალდებულების ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებით სარგებლობისგან გამორიცხვის კონსტიტუციურობაზე დაობდა. გარდა ამისა, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულების ვიდეო პაემნის უფლებისგან გამორიცხვის კონსტიტუციურობას.
მოსარჩელე მხარის პოზიციით, ასეთი საკანონმდებლო რეგულაციები ზღუდავდა ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებებს. სარჩელის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტი აცხადებდა, რომ ხანგრძლივი პაემანი არის მხოლოდ გარკვეული კატეგორიის დაწესებულებაში მოთავსებული პირებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულის კონტაქტი ოჯახსა და ახლობლებთან ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლების გამორიცხვით იზღუდება იმის გამო, რომ არსებობს ბრალდებულის მიერ გამოძიების ინტერესებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის რეალური საფრთხე, რაც წარმოშობს სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საჭიროებას.