სამწუხაროდ, ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხოდ დამცველი, - ამ კომენტარით "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა, ომბუდსმენის მოწოდებას, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევისას დაიცვან ის სტანდარტები, რაც პროცესის გამჭვირვალობას გულისხმობს.
მისივე განმარტებით, 80 დეპუტატი დამოუკიდებლად ვერ აირჩევს სახალხო დამცველს, რისთვისაც ოპოზიციასთან კონსენსუსი არის საჭირო.
"სამწუხაროდ, ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხოდ დამცველი. საქართველოში, სამწუხაროდ არანაირი სახალხო დამცველი არ არის. ადამიანი, რომელიც მათ („ნაციონალური მოძრაობის“) ქსენოფობიურ კამპანიას ამართლებს, ამით აწარმოებს ქსენოფობიურ კამპანიას, სიტყვებს იგონებს გასამართლებლად.
80 დეპუტატი დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ და იმისათვის რომ სახალხო დამცველი ავირჩიოთ ბუნებრივია, კონსენსუსი გვჭირდება ოპოზიციასთან. იმედია, ამ არჩევას კომპრომისის გზით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მივაღწევთ",- განაცხადა მდინარაძემ.
ნინო ლომჯარია პარტიებს მოუწოდა, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევისას დაიცვან ის სტანდარტები, რაც პროცესის გამჭვირვალობას გულისხმობს. სახალხო დამცველის განმარტებით, არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს, სახელმწიფოს და პარლამენტს ავალდებულებს, რომ გარკვეულ სტანდარტებს და პროცედურებს ექვემდებარებოდეს მომავალი სახალხო დამცველის არჩევა.