ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში დასრულდა

01 ივნისი 2021, 23:09 1357 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააცილა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა თურქეთის პრეზიდენტთან.

"ეს იყო პირველი სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც თავისი ხასიათით და შინაარსით ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს. პრეზიდენტ ერდოღანთან განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. ასევე, რეგიონის ჭრილში განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.

მოგეხსენებათ, რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები გამვითარდა ბოლო პერიოდში და საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი როლი და სტატუსი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს. ასევე, განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ წელსვე გაიმართება სტრატეგიული დონის საბჭოს შეხვედრა, რომელზეც ჩვენ შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს განვიხილავთ. ასევე, მიზნად დავისახეთ, რომ სავაჭრო ბრუნვა, პარტნიორობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

პრეზიდენტის იდეა იყო, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის სამ მილიარდზე ავიდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება დღევანდელი დღისთვის. მე პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ის ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს; იმას, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა და ეს ძალიან დასაფასებელია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი