ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება. ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ თანავუგრძნოთ - მამუკა მდინარაძე

16 თებერვალი 2025, 15:13 282 ნახვა

ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება. ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ თანავუგრძნოთ, ვანუგეშოთ - თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია, - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება.

მდინარაძის განცხადებით, უბედური შემთხვევის პარალელურად, ოპოზიცია პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ყველაფერს კადრულობს, მათ შორის, ისეთ ტყუილებს, თითქოს ბავშვები ჯართის შესაგროვებლად იყვნენ ან თითქოს, ტრაგედიის ადგილზე მშენებლობა მიმდინარეობდა.

„ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება. ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ თანავუგრძნოთ, ვანუგეშოთ - თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია... პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტყუილებსაც, რომ თითქოს ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, რომ თითქოს იქ მშენებლობის ადგილია, მშენებლობა მიმდინარეობდა, საძირკვლისთვის ამოღებული თხრილი იყო და ა. შ. ჯართი, მშენებლობა… სიცრუისთვის, სიმძაფრისთვის და ხალხის გაგიჟებისთვის მოგონილი მავნებლობა და მთავარი მტკიცებულება იმისა, რამდენად არ ადარდებთ ბავშვების გარდაცვალებაც კი, ოღონდ თავიანთი გამარგინალებული გეგმები ოდნავ გამოაცოცხლონ… აქაც სარგებელს ეძებენ…

იქნებ ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ ახლა იმ პატარა ანგელოზების ოჯახებს გვერდით დგომა ჭირდება და არა, ისედაც უდიდესი ტრაგედიის, ტყუილებით და ბინძური პოლიტიკური მიზნებით დამძიმება!", - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში