თურქეთი ყოველთვის და ყველა ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი - ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2021, 20:47 1600 ნახვა

 თურქეთი ყოველთვის და ყველა ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა. პირველ რიგში მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენდამი ასეთი გულთბილი მიღებისთვის. თურქეთი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორი. თურქეთი, მრავალი წელია, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ერთობლივად გვაქვს განხორციელებული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-არსი, თბილისი-ერზრუმი. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა, პრაქტიკულად ყველა საკითხი მიმოვიხილეთ, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ეხება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთი ყოველთვის და ყველა ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო. ასევე, მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის ნათქვამს, რომელიც შეეხება ჩვენი მთავარი სტრატეგიული საბჭოს მორიგ შეხვედრას, რომელსაც მოუთმენლად ველი. განგებამ ისე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სამი სახელმწიფო, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ვართ ურთიერთდამოკიდებული, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და რაც მთავარია მეგობრობა. ჩვენს შორის არსებობს ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად როგორც ორმხრივ, ასევე სამმხრივ ფორმატში. ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. ბატონ პრეზიდენტს გავაცანი ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია, შევეხეთ ოკუპაციის საკითხებსაც.

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - ყველა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. ამ პათოსითა და ოპტიმიზმით მე მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ მზად აქტიური თანამშრომლობისთვის და ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ჩვენი დიდი სურვილია, თქვენ გიხილოთ თბილისში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური, ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკას დღეს ეწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი