სანქციების გამო, „IDS ბორჯომი“ წარმოებას დროებით აჩერებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული, უკრაინაში ომის გამო, რთული ვითარება შეიქმნა სარეალიზაციო ბაზარზე, რასაც საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა დაემატა.
„კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანია იძულებულია, ა.წ. 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
2013 წლიდან „IDS ბორჯომის“ საკონტროლო – 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს. „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.
მარტის დასაწყისში, ესტონურმა სავაჭრო ქსელებმა "ბორჯომის", როგორც რუსული პროდუქტის, გაყიდვიდან ამოღების შესახებ განაცხადეს.