ევროპის კლუბების ასოციაციამ რუსეთის წარმომადგენლები გარიცხა.
გადაწყვეტილების თანახმად, „ზენიტი“, „სპარტაკი“, „რუბინი“, ცსკა, „როსტოვი“, „კრასნოდარი“ და „ლოკომოტივი“ ევროპული კლუბების ასოციაციის წევრები აღარ არიან.
რუსული კლუბების მოკვეთის მიზეზი დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა. ECA სრულად უჭერს მხარს იმ სანქციებს, რომლებიც რუსეთს უეფა-მ და ფიფა-მ დაუწესა.
„ECA-მ ასევე მტკიცედ დაუჭირა მხარი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგის ფინალის პეტერბურგიდან პარიზში გადადების შესახებ. გარდა ამისა, ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ დღეს გადაწყვიტა, რომ ყველა რუსული გუნდი დაუყოვნებლივ შეწყვეტს მონაწილეობას ECA-ს საქმიანობაში“, – წერია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ცნობაში.