წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ბენეფიციარების 95% ვაქცინირებულია. დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა იმ ბენეფიციარებს ჩაუტარდათ, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ. ვაქცინაციის მიზნით, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მედიკოსთა ჯგუფი სათნოების სავანეში იმყოფებოდა.
დღემდე სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაცია სავანეს 60-მა ბინადარმა ჩაიტარა, ისინი უკვე ორი დოზით არიან ვაქცინირებულნი.
რაც შეეხება საერთო მონაცემებს: ქვეყნის მასშტაბით გუშინ სულ 17 ათას 670 დოზა ვაქცინა გაკეთდა. აქედან გასულ დღე-ღამეში აჭარაში 2 386 ადამიანი აიცრა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამცრელი პუნქტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოწყობილი, სადაც დღიურად 700-ზე მეტი ადამიანი წინასწარი ჯავშნით იცრება. ამცრელ დაწესებულებასთან დილიდან რიგებია.
რიგისა და რეგისტრაციის გარეშე აცრის გაკეთება ბათუმში სახელმწიფო უნივერსიტეტშია შესაძლებელი, სადაც ყოველ დღე დილის 10-დან 17 საათამდე 4 სხვადასხვა ვაქცინით აცრაა შესაძლებელი.