დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 37 წელი შეუსრულდებოდა. თანამებრძოლებმა გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმაც.
მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. ეროვნული გმირის წოდება მას 7 წლის წინ მიენიჭა.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და უწყებრივი მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული".