“საქართველომ კვლავ დაამტკიცა თავისი ღრმა ერთგულება დასავლური ღირებულებებისადმი. ქართველებმა არჩევნების გზით, საუკეთესო მხრიდან წარმოგვიდგინეს თავიანთი ჯანსაღი დემოკრატია, ძლიერი პლურალისტური საზოგადოება და ღრმა ერთგულება ევროატლანტიკური საზოგადოების ღირებულებებისადმი” - წერს ამერიკის თავდაცვის ყოფილი მდივანი, დონალდ რამსფელდი ,,ვოლ სტრიტ ჯორნალში". „ამერიკის სასიცოცხლო ინტერესები ფსონზე დევს საქართველოში“- ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავ აგრძელებენ საქართველოს 20%-ზე მეტი ტეროტორიის ოკუპირებას და ფედერაციის იმპერიალისტური ხედვა, რომელიც უკვე მოიცავს უკრაინის ნაწილსა და მთლიანად ყირიმს, არ არის თავსებადი დასავლურ ღირებულებებთან და უსაფრთხოების საკითხებთან. ,,დისკუსიებმა საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე მცირე პროგრესი გვიჩვენეს. ამასობაში, რუსეთის ჯარი უფრო ღრმად მიიწევს საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს ტერიტორიისკენ. ამერიკა მზად უნდა იყოს მიიღოს ზომები, რათა რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ძვირი დაუჯდეს. ვაშინგტონი უფრო აქტიური უნდა იყოს აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში, რომლის ფარგლებშიც საქართველო და კავკასია დიდ როლს თამაშობენ. საქართველო შეიძლება პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას ბედად უწერია გახდეს ევროპისა და აზიის ეკონომიკების დამაკავშირებელი ღერძი - ნათქვამია დონალდ რამსფელდის სტატიაში.