სოფელ შუქრუთის მკვიდრებმა, რომლებსაც 28 დღეა პირი აქვთ ამოკერილი და შიმშილობენ, მშრალი შიმშილობა შეწყვიტეს. მიზეზი დიალოგისთვის კომპანიის მხრიდან გამოთქმული მზაობაა. შუქრუთელები მხოლოდ მშრალი ფორმით შიმშილობას წყვეტენ და სითხის მიღებას იწყებენ, თუმცა შიმშილობას აგრძელებენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, ამერიკის საელჩოსთან, გრძელდება. 8 ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა – შიმშილობა გამოაცხადა, რამდენიმემ კი პირი ამოიკერა.
შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება; ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები; იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი. ისინი მოითხოვენ ანაზღაურდეს შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.