საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება გაიზიარა

22 ნოემბერი 2024, 13:27 80 ნახვა

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე „გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომელმაც გაიზიარა სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) .ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სათადარიგო მოსამართლეს, რომლის დანიშვნაც საქმის განმხილველი მოსამართლისათვის საქმის გადაცემის ეტაპზე არ მომხდარა, საქმის/ცალკეული მტკიცებულებების თავიდან განხილვის/გამოკვლევის შესაძლებლობას ართმევს; მაშინ, როდესაც:

"ა) მის მიერ საქმეში ჩართვამდე იქნა გამოკვლეული ისეთი მტკიცებულებები, რომელთა სანდოობის შეფასებაც მოითხოვს მოსამართლის უშუალო, პირად მონაწილეობას;

ბ) არსებობს კონკრეტული საკითხის/მტკიცებულების დაზუსტების საჭიროება და სათადარიგო მოსამართლე სრულყოფილად ვერ ახერხებს, საქმის მასალების გაცნობის გზით, მის მიერ საქმეში ჩართვამდე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას.

წლების განმავლობაში, სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშებში მიუთითებდა საერთო სასამართლოების პრაქტიკაში დამკვიდრებულ ხარვეზებზე. კერძოდ, არაერთ სისხლის სამართლის საქმეში, სათადარიგო მოსამართლეები საქმის არსებითი განხილვის დაწყებისთანავე არ ინიშნებოდნენ და უმრავლეს შემთხვევაში, სასამართლო შემადგენლობის ცვლილებისას საქმის არსებითი განხილვა თავიდან არ იწყებოდა. განაჩენები კი ეყრდნობოდა იმ მტკიცებულებებს, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეს უშუალოდ არ ჰქონდა გამოკვლეული.

სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, კანონის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვით, შესაძლებელია საქმის განხილვის დაწყების შემდეგ სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა, როცა საქმეში არსებული მტკიცებულებების უმრავლესობა უკვე გამოკვლეულია სხვა მოსამართლის მიერ ჩატარებულ სხდომებზე და საქმის განხილვა თავიდან არ იწყება, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის პრინციპს. ხოლო ამ პრინციპის დარღვევით გამოტანილი განაჩენი სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ხსენებული გადაწყვეტილების იმპლემენტაცია აღმოფხვრის საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი ასპექტის დაცვას"- განმარტავს სახალხო დამცველი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი