ქართველმა გადამზიდავებმა ბათუმში გაფორმების ეკონომიკური ზონის შესასვლელი გადაკეტეს - საპროტესტო აქცია

03 ივნისი 2021, 11:27 1857 ნახვა

საერთაშორისო გადაზიდვებზე დასაქმებული მძღოლები აქციას მართავენ. მათ დღეს ბათუმში, გაფორმების ეკონომიკურ ზონის შესასვლელი გადაკეტეს და ტერიტორიიდან ავტომობილებს გამოსვლის უფლებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროდუქციით დატვირთული მანქანები საზღვარზე ჰყავდათ გაჩერებული და ნებართვების არ ქონის გამო, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდნენ. ისინი მესამე ქვეყანაში, გადაზიდვის ნებართვას ითხოვენ. ამბობენ, რომ თურქეთში, რუსეთსა და ყაზახეთში საქონელი ვერ გააქვთ. ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხს ელოდებოდნენ, თუმცა არ მოუვიდათ.

მძღოლები ამბობენ, რომ თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს ისინი სარფის გამშვებ პუნქტს გადაკეტავენ.

მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ისინი აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აფრთხილებენ, რომ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებენ.

ადგილობრივი მთავრობიდან აქციის მონაწილეებს დაპირდნენ, რომ ხვალ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მძღოლებმა აქცია შეწყვიტეს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი