თუ ''ნაციონალური მოძრაობა'' შარლ მიშლის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვერ ისარგებლებს პრივილეგიით, რომელსაც დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს - კობახიძე

31 მაისი 2021, 12:13 1026 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ''ნაციონალური მოძრაობა''  გონივრულ ვადაში შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ვერ ისარგებლებენ პრივილეგიით, რომელსაც აღნიშნული დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს, არ იქნებიან გათვალისწინებული კომიტეტებისა და დელეგაციების გადანაწილებაში. ''ქართული ოცნების'' ლიდერის თქმით, ამ შემთხვევაშიც ,,ნაციონალურ მოძრაობას'' უკან დახევა მოუწევს. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, რომ ''ნაციონალური მოძრაობის'' პარლამენტში შესვლას საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებისათვის არავითარი ღირებულება არ აქვს. 

''ისინი იმუქრებოდნენ პარლამენტში არშესვლით, თუმცა, საბოლოოდ, მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება. ამ პარტიამ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა - ,,ვერ დამიჭერთ'',  ,,არ გამოვალ'', ,,არ შევალთ'' - დასრულდა დაჭერით, გამოსვლითა და შესვლით. ამას აქვს მარტივი მიზეზი, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის მხარეს დგას სიმართლე და ძალა, რომელიც ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭრას ეფუძნება. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დაუპირისპირდეს დემოკრატიულ სისტემას, მომავალშიც ასეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი რესურსი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს. იმ პირობებში კი როდესაც ისინი შარლ მიშლის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე შემოდიან, საკანონმდებლო ორგანოში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არ აქვს. 

მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავ არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად მათ ამ  გადაწყვეტილებას უსათუოდ თავისი ლოგიკური შედეგები ექნება. 

თუ ,,ნაციონალური მოძრაობა'' მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნება. 

გარდა ამისა ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს'' - განაცხადა კობახიძემ. 

გუშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა, რომ დაიწყებდა საპარლამენტო საქმიანობას, თუმცა ხელს არ მოაწერდა "შარლ მიშელის შეთანხმებას".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი