გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციელების საქმიანობის  დისკრედიტაციას - ირაკლი ღარიბაშვილი 

31 მაისი 2021, 12:09 802 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, დღეს პოლიცია არის აპოლიტიკური. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის და პოლიციელების საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რაც ყოვლად დაუშვებელია. 

პრემიერის განმარტებით, ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო.

''ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას. დღეს, პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება. დღეს, ჩვენ გვყავს ძლიერი, გამართული, პროფესიონალი პოლიცია. ამისთვის, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. 

მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი სამსახურისთვის, თქვენი თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისთვის, თქვენი თავგანწირვისთვის. მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი გმირობისთვის. მადლობა თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს. ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენი მინისტრობა, თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მსახურება.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი პერიოდი ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში. ყველაზე კარგად გავიგე იმ დროს, თუ რას ნიშნავს, იყო პოლიციელი. ძალიან კარგად ვიცი, თუ რაოდენ მძიმე არის თქვენი შრომა, თქვენი 24-საათიანი სამსახური ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

სამწუხაროდ, ბევრი თქვენგანი შეეწირა ამ გმირულ საქმიანობას. ქედს ვიხრი იმ გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანას და სამსახურებრივი მოვალეობის დროს, თავი გაწირა'' – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი