"ბორჯომის" პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ქარხანასთან არიან შეკრებილნი.
კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებას, დასვენების დღეებსა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ.
დასაქმებულების განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით მათი ხელფასები თითქმის 50%-ით შემცირდა.
საპროტესტო აქციაზე 300-მდე ადამიანი იმყოფება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ხელფასები სამართლიანი გადანაწილების პრინციპით გაზარდონ. რაც გაფიცულებისთვის მიუღებელია.
"კომპანია ამჯერადაც მზად არის, პანდემიის დროს, უკვე მეორედ უზრუნველყოს ხელფასების მატება პოზიციების მიხედვით, სამართლიანი გადანაწილების პრინციპით. რაც სამწუხაროდ გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მცირედი შეფერხებებით აგრძელებს მუშაობს.
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, მზად ვართ სამართლებრივ ჭრილში გავმართოთ კონსტრუქციული დიალოგი ჩვენს თანამშრომლებთან, რის მცდელობაც ბოლო პერიოდში არაერთხელ გვქონდა. ამიტომ ჩვენ გაფიცულ თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და იმედს ვიტოვებთ, რომ მოლაპარაკებების გზით მივიღებთ ყველასთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.