ორივე სარჩელი დარეგისტრირების შემდეგ ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს, არავითარი დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება არ არის - მერაბ ტურავა

21 ნოემბერი 2024, 12:44 136 ნახვა

პრეზიდენტის სარჩელი დარეგისტრირდა საკონსტიტუციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადებში. რაც შეეხება მეორე სარჩელს, ის გუშინ შემოვიდა. საორგანიზაციო დეპარტამენტი ამოწმებს მის ტექნიკურ მხარეს, ხომ არ აქვს რაიმე ხარვეზი და ვფიქრობ დღის ბოლომდე გადაწყდება მისი რეგისტრაციის საკითხი-ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულადაა შემოსული და ისინი ერთად განიხილება.

"შინაარსობრივად ისინი თითქმის ერთმანეთს ემთხვევა და ამიტომ არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა. სარჩელები ჯერ გაერთიანებული არ არის, რადგან მეორე სარჩელი ამ ეტაპზე ტექნიკურ შემოწმებას გადის და  რეგისტრირებული არ არის.

 

პირველი სამი დღის ვადაში დარეგისტრირდა, რაც შეეხება მეორეს ისიც სამი დღის ვადაში დარეგისტრირდება.

 

ორივე სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ, ორივე ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს. პირველი გამწესრიგებელი სხდომის ფორმატით. წარმოებაში მისაღებად მაქსიმალური ვადა არის ერთი თვე. რეგისტრაციიდან  ერთი თვის განმავლობაში წარმოებაში მიღების საკითხი დასრულებული უნდა იყოს.

 

აქ არავითარი წესის დაჩქარების საჭიროება არ არის, რადგან ეს საკითხი ისედაც კანონმდებლობიდან გამომდინარე დაჩქარებულია"- განაცხადა მერაბ ტურავამ.

რამდენად კონსტიტუციურია 25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევა, კითხვას საკონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარემ არ უპასუხა და განმარტა, რომ აღნიშნულ საკითზე განცხადებას ვერ გააკეთებს, რადგან ის განხილვის საგანი არ არის.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ.

გუშინ სასამართლოშ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. სასამართლოს ამჯერად საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა დეპუტატმა მიმართა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში