25 ნოემბერს შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, შევიკრიბებით კიდეც და უფლებამოსილებასაც ვცნობთ. ასე რომ, მთელი სისულელე, თითქოს პრეზიდენტს თუ პარლამენტის წევრებს, რომელთაც შეტანილი აქვთ კონსტიტუციური სარჩელი, ამას შეუძლია, შეაჩეროს ან შეაფერხოს უფლებამოსილების ცნობა, არის, ან უბრალოდ გაუნათლებლობა, ან მავნებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, არ არსებობს არც ერთი ნორმა, რომელიც ამბობს, რომ არჩევნების მარეგულირებელი ნორმის და ამის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების გასაჩივრება რამენაირად აჩერებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 30 დღეა განხილვის ვადა, რომელიც შეიძლება კიდევ 30 დღე გაგრძელდეს, 30 დღე არჩევნების შემდეგ ისედაც გაჩერებულია. გგონიათ, შეიძლება, არსებობდეს ისეთი ნორმა, რომელიც 100 დღე პარლამენტს აჩერებს? მაშინ ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის რომელიმე ნორმაზე შეიტანდა საჩივარს და ვიქნებოდით ასე გაჩერებულები. პარლამენტი ვერ მიიღებდა ბიუჯეტს და ვერაფერს. აბსურდია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, ჯერ უნდა მოხდეს უფლებამოსილების ცნობა, შემდეგ შეიტანონ განაცხადი, ამიტომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს სპორტულ აფერისტობას და ისინი საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ.
„მგონი, უკვე ყველამ გაიგო და აიხსნა, რომ ჯერ უნდა მოხდეს უფლებამოსილების ცნობა და შემდეგ უნდა შემოიტანონ განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. დღეს ვუსმენდი „ნაციონალურ მოძრაობის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს, რომელსაც ჟურნალისტმა ჰკითხა, თქვენს მიერ დაწერილ განცხადებებს, რომ მანდატზე ამბობთ უარს ან უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვთ, იურიდიული ძალა არ აქვს და აპირებთ, რომ განცხადებით მიმართოთო. რესპონდენტის პასუხი იყო ძალიან საინტერესო, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენ სიტყვას შევასრულებთ, ეს განცხადებებით არის უკვე და ელოდება იურიდიულ ძალაში შესვლასო. ანუ, რაღაც დავწერეთ და 25-ის შემდეგ შევა ძალაშიო.
ასეთ სპორტულ აფერისტობას ოპოზიციამ უნდა დაანებოს თავი. შეგახსენებთ, 2020 წელს როგორ მოითხოვეს მათ, 11 დეკემბერს შედგა სხდომა, უფლებამოსილების ცნობა – თინათინ ბოკუჩავა, 16 დეკემბერს არის შემოსული განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე, მამუკა ხაზარაძე – 16 დეკემბერი, ნიკანორ მელია -16 დეკემბერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 17 დეკემბერი, თეონა აქუბარდია – 17 დეკემბერი, სხდომის შემდეგ, ამიტომ ამ სპორტულ აფერისტობას თავი დაანებონ, როცა ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს. მათ ამომრჩეველს მივმართავ, რომ აგიჟებენ ახლა აქციებით, არანაირი განცხადების დაწერას, როგორც ჩანს, ეგენი არ აპირებენ თუ არა და გამოჩნდება. 25 დეკემბერს იქნება სხდომა უფლებამოსილების ცნობა, ამის შემდეგ 26-ში მოგვმართონ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თუ მოსვლა არ უნდათ შეუძლიათ, მეილით გამოაგზავნონ. contact@parliament.ge-ზე გამოაგზავნონ განცხადება, ხელი მოაწერონ, დაურთონ მეილს და პარლამენტი მიიღებს ამ განცხადებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას აქვს ორი გზა, ან უნდა დაინგრნენ, ან უნდა დამცირდნენ და ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ არის მათი მფარველებისგან მითითება და ერთ წამში დაივიწყებენ თავის პოზიციებს.