პატრიარქმა ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ შედეგები, ჩემი თხოვნაა, დაუჯერეთ პატრიარქს, – ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ მთავარანგელოზთა დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე საბა საზოგადოებას რჩევას აძლევს, პატრიარქის სიტყვები გაიზიაროს.
„ჩატარდა არჩევნები და არ მაქვს სურვილი მისი შეფასების, თუ როგორი იყო. ეს ჩემი საქმე არ არის. მე ერთი რამის ხაზგასმა მინდა. რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა, დალოცა ხელისუფლება და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც, რეალურად, დადგა. ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, პატრიარქმა ბრძანა კიდეც, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველოში იყოს მშვიდობა. ჯერ კიდევ არის დაძაბული ურთიერთობები, საშიშროება იმისა, რომ იყოს რაიმე გაურკვევლობა, არეულობა და ასე შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ მოუტანს სიკეთეს.
მინდა, პირდაპირ მივმართო საქართველოს მეტ წილ მოსახლეობას, რომელიც მართლმადიდებელი ქრისტიანი და რომლისთვისაც პატრიარქი არის სულიერი მამა, მოძღვარი. ვინმე გეგულებათ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, უცხოეთში, პატრიარქზე უფრო მაღალი თანამდებობის, პატრიარქზე უფრო გამოცდილი, პატრიარქზე უფრო ბრძენი, სულიერი და ერის, ჩვენი ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანი? ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ვთქვი, ეს არის ლოცვა-კურთხევა პატრიარქის, რომელსაც ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და მივიღოთ, როგორც ნება ღვთისა. ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში დადიხართ, ადამიანები, რომლებიც ეზიარებით კიდეც, ადამიანები, რომლებიც ტაძრებს, მონასტრებს აშენებთ და ეხმარებით – აქამდეც ასე ყოფილა და შეიძლება, ახლაც ასე აგრძელებთ, ნუთუ, თქვენთვის არ არის საკმარისი პატრიარქის მოწოდება, პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და არ უნდა დავემორჩილოთ მას, ერთი უბრალო, მარტივი მიზეზის გამო – თუ გვიყვარს ქვეყანა, მისთვის უნდა გვინდოდეს მშვიდობა და განვითარება. პატრიარქზე მეტი ვინ უნდა იყოს, ვინც, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული, ლეგიტიმაცია უნდა გვითხრას ამ მოვლენებისა.
აუცილებელია, მაინც და მაინც ამერიკიდან, ევროპიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, რა ვიცი, საიდან უნდა იყოს კიდევ, სხვა ქვეყნებიდან გვითხრან, რომ თქვენ კარგი ხალხი ხართ, კარგად ჩაატარეთ ყველაფერი, ჩვენ მოგიწონეთ ყველაფერი და ახლა გააგრძელეთ მშვიდობიანი ცხოვრება? არ ვფიქრობ, რომ სხვა ადამიანები ამ ყველაფერს იმაზე მეტი სიბრძნით და სიყვარულით, გულისტკივილით ამბობდნენ, ვიდრე ჩვენი პატრიარქი. ამიტომ, ჩემი სურვილი და მოწოდება, ჩემი თხოვნა და რჩევაა, რომ ერთადერთი დაუჯერეთ პატრიარქს, დაუჯერეთ ეკლესიას და გაანალიზეთ, გააცნობიერეთ, რას ნიშნავს, იყოთ ქრისტიანები, მართლმადიდებლები და, ამავდროულად, არ უსმენდეთ ეკლესიას და პატრიარქს. პატრიარქი, ეკლესია ყოველთვის ღვთის ნებას გამოგვიცხადებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გირჩევთ, გაითვალისწინოთ ეს, გაიზიაროთ პატრიარქის სიტყვები, მისი დალოცვა, კურთხევა და მიიღოთ ის მოცემულობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა მეუფე საბამ.