მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად სთავაზობენ

15 იანვარი 2021, 13:29 7678 ნახვა

დისტანციური სწავლების დროს ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეს სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია.

უწყების ცნობით, დარგის ექსპერტების რეკომენდაციით 20GB ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების მოსაძიებლად საკმარისია. 

სამინისტრომ „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

''საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე, მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ. მემორანდუმის მიზანია, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, მაქსიმალურად უზრუნველყოფილნი იყვნენ ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტ კავშირით'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა რეგისტრაცია.

საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა mobile.emis.ge-ზე პირადი ნომრის მითითებით უნდა დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება.

ვებგვერდი mobile.emis.ge დღეს 14:00 საათზე ამოქმედდება. „დისტანციური სწავლების“ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე. 

სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს 2 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცემათ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი