დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველმა ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა. მარეგულირებელმა ორგანომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორი BioNTech-ის ვაქცინა დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ბრიტანეთში აცხადებენ, რომ წამალმა, რომელმაც covid-19-ის წინააღმდეგ ეფექტურობის 95%-ი აჩვენა, უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.
“დღეს მთავრობამ მიიღო დამოუკიდებელი მედიკამენტების და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს რეკომენდაცია Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება მიიღეს თვეების განმავლობაში მკაცრი კლინიკური გამოკვლევებისა და ექსპერტთა მონაცემების მკაცრი ანალიზის შემდეგ, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტურობის მკაცრ სტანდარტებს”, – აცხადებს ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი მეტ ჰენკოკი.
დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა ვაქცინის 40 მილიონი დოზა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელად არის საჭირო. პირველ ეტაპზე ვაქცინა, რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი.
Pfizer-ის ვაქცინამ ავტორიზაცია ყველაზე სწრაფად, 10 თვეში მიიღო.
ცოტა ხნის წინ, Pfizer-მა და მისმა პარტნიორმა BioNTech-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში შეიტანეს. ფედერალური უწყების დამოუკიდებელი ექსპერტები კლინიკური კვლევების შედეგების განსახილველად 10 დეკემბერს შეიკრიბებიან.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, ვარაუდობენ, რომ ამერიკაში ვაქცინა უკვე 25 დეკემბრამდე იქნება ხელმისაწვდომი.