ბათუმში პარტია ''სახე +'' შვიდი წევრმა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შიმშილობა დაიწყო. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მოქალაქეების ხმები დაიკარგა. ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს და ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება.
არაკვალიფიციური პოლიტიკური გაერთიანება მხოლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობდა. ედნარ ბაგრატიონი ამბობს, რომ მხოლოდ 437 ხმა მიიღეს, რაც რეალობას არ შეესაბამება და უსკო-ს მიერ წარმოდგენილი შედეგები არასწორია.
მოშიმშილეები ასევე უსკო-სა და ცესკოს სრული შემადგენლობის გათავისუფლებას ითხოვენ.
''არჩევნების წინა პერიოდში ჩვენი სლოგანი იყო: მე ვიბრძოლებ, თქვენ ირწმუნეთ ერთად შევძლებთ, ერთად გავიმარჯვებთ. დღეს მიზანმიმართულად მოიქცნენ პოლიტიკური ძალები. არა აქვს მნიშვნელობა ეს პოზიციაა თუ ოპოზიცია, 11 000 ხმა არის გაბნეული და ამაზე უსკო პასუხს ვერ გვცემს. არჩევნების დღეს კორდინატორები, დამკვირვებლები გვეუბნებოდნენ, რომ ბევრი ხმა ავიღეთ, რომ შეიძლება ''ნაციონალურ მოძრაობას'' და ''ქართულ ოცნებასაც” მოვუგეთ. დღეს ვხედავთ, რომ 437 ხმაა მიღებული.
ჩვენ მოვითხოვეთ კანონის ფარგლებში უსკოში, რომ მოეცათ ყველა ის შემაჯამებელი ოქმები, რომ შეგვედარებინა იმ ქსეროასლი ოქმებზე, მათ ერთკვირიანი ვადა მოითხოვეს. ერთი კვირის წინ ჩვენ გავაჟღერეთ, რომ თუ არ მოგვცემდნენ ამ ოქმებს, გადავიდოდით მწვავე პროტესტზე, შიმშილობაზე. ზუსტად ეს დავაანონსეთ დღეს და კიდევ შემოგვიერთდებიან ძალიან ბევრი.
შაბათს იყო შემაჯამებელი ოქმების გაცხადების დღე და ზუსტად ის ოქმები დადეს, რაც 3 ნოემბერს იყო გაჟღერებული, დასამკვიდრებელია სამართალი. სხვა გზა არ დაგვრჩა, ჩვენ ვითხოვთ დაგვიბრუნონ ჩვენი ხმები, წინაააღმდეგ შემთხვევაში ვადამდე არჩევნები გარდაუვალია და ჩვენ შიმშილობას გავაგრძელებთ ამ მოთხოვნით'' - უთხრა მაუწყებელს ედნარ ბაგრატიონმა.