დაშლას არც 22:00 საათის შემდეგ ვაპირებთ - ოპოზიცია

09 ნოემბერი 2020, 13:38 1157 ნახვა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ,კვალავ არიან შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები. ისინი მთელი ღამის განმავლობაში იქ იმყოფებოდნენ. გაშლილია კარვები და მოწყობილია სპეციალური სცენაც. 

საპროტესტო აქცია ოფიციალურად 18:00 საათზე დაიწყება. დაახლოებით 4 საათში კი 22:00 საათზე ბათუმში კომენდანტის საათი ამოქმედდება. 

პოლიტიკური პარტიის ლიდერების თქმით, პასუხიმგებლობას იღებენ, მშვიდობიან პროტესტს 24 საათის განმავლობაში გააგრძელებენ და დაშლას არც ღამით აპირებენ. 

''სტრატეგია აღმაშენებლის'' ლიდერი ბექა დიასამიძე ამბობს, რომ ბრძოლას აპირებენ ბოლომდე.

'' გადავედით 24 საათიან რეჟიმზე და ლიდერები ერთმანეთს ვენაცვლებით. აქცია დღეს 6 საათზე განახლდება. 10 საათზე, კომენდანტის საათის დროს, ჩვენ, ყველა ერთად ვიქნებით. ვიღებთ ჩვენს თავზე პასუხიმგებლობას და აბა რომელიმე მოვიდეს და გაბედოს დაჯარიმება. არ ვიშლებით და ვაგრძელებთ ბრძოლას. მთავარია გადადგეს ცესკოს ხელმძღვანელი თამარ ჟვანია, თავის გუნდთან ერთად და ჩავატაროთ განმეორებითი არჩევნები'' - განაცხადა ბექა დიასამიძემ. 

რაც შეეხება, არასამთავრობო ორგანიზიციებისა და ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლების განცხადებას, რომელიც დიალოგს უკავშირდება, ''სტრატეგია აღმაშენებლის'' ლიდერი ამბობს, რომ ეს დაგვიანებულია. 

აჭარის მაუწყებელი ''მოქალაქეების'' ერთ-ერთ ლიდერს, გენრი დოლიძესაც ესაუბრა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

''ვფიქრობ ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რას ვაპირებთ და მოქალაქეებმა გადაწყვიტონ რას გააკეთებენ. ვინ წავა 10 საათზე სახლში და ვინ გააგრძელებს საპროტესტო მუხტს ადგილზე.  ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა წაგვართვა არჩევნების უფლება. მოპარული არჩევნების შემდეგ, წაგვართვა გამოხატვის თავისუფლება, ახალ კი ცდილობს ქვეყანა წაგვართვას, ვინც ამას ვაცნობიერებთ ვცდილობთ ხელიდან გამოვგლიჯოთ. ჩემი პარტიის პოზიციიდან გავაგრძელებთ ბრძოლას კანონიერი მეთოდებით. გვაქვს ინდივიდუალური შეხედულებები. არის თემები, რომელშიც ვთანხმდებით ოპოზიციურ ერთობასთან, არის განსხვავებული საკითხები. საქართველოში გვჭირდება განმეორებითი სამართლიანი არჩევნები და სამართლიანი ცესკო, ამაზე ორი აზრი არ არის.”

რაც შეეხება დიალოგის საკითხს, გენრი დოლიძე ასე პასუხობს: ​

''ბიძინა ივანიშვილისთვის დიალოგი არის ყინვიან თბილისურ ღამეს ხალხის წყლის ჭავლით დარბევა. მე არ ვფიქრობ, რომ ასე დიალოგზე მოდიან ადამიანებთან. ეს ცოტა სხვანაირად მესმის. ''ქართულ ოცნებას'' და ბიძინა ივანიშვილს სხვანაირად ესმით და შეყავთ ქვეყანა ჩიხში. იძახიან ერთს და აკეთებენ მეორეს. ეს არის დაცინვა და ფარსი, თითქოს დიალოგის მომხრეები არიან''.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში