“სტაბილიზაციის პროცესი თუ შენარჩუნდა, შეზღუდვების მოხსნას შევძლებთ” ამირან გამყრელიძე

12 ოქტომბერი 2020, 14:57 1052 ნახვა

აჭარაში  არსებული ეპიდვითარება, სპეციალისტების შეფასებით, ნელ-ნელა სტაბილურდება, თუმცა ამ ეტაპზე რეგიონში დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება.-ამის შესახებ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადეს.  საბჭოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ აჭარაში სტაბილური მაჩვენებლები ვირუსის საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყება. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა კლინიკებში არსებულ მდგომარეობასა და სისტემური ტესტირებების პროცესის მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემაში სრული მობილიზაციაა და საკმარისი რესურსიც არსებობს. რაც შეეხება მიზნობრივ და სისტემურ ტესტირებას, საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს, როგორც მაღალი რისკის ჯგუფს, 72 საათში ერთხელ პსრ-ტესტირება ჩაუტარდება. საკოორდინაციო საბჭომ, დღეს განიხილა სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა და მდგომარეობა საბავშვო ბაღებში, სადაც, აჭარის გარდა,  სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა. აღინიშნა, რომ ცალკეულ  გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევებთან მიმართებაში, როგორც სკოლებში, ისე ბაღებში, დაუყოვნებლივ ლოკალურად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და აღნიშნული მიდგომა შენარჩუნდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რჩევები, ატარონ პირბადე ღია სივრცეშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი