''მედცენტრში'' კორონავირუსი პაციენტს დაუდასტურდა, ''ხოზრევანიძის კლინიკაში'' კი ადმინისტრაციის თანამშრომელს 

11 სექტემბერი 2020, 12:29 7029 ნახვა

11 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. დღეს დაკეტილია ''ხოზრევანიძის კლინიკა'', სადაც covi-19 დაუდგინდა ადმინისტრაციის თანამშრომელს. მას სიმპტომები არ ჰქონდა და ვირუსი გეგმიური პისიარ ტესტირებისას დაუფიქსირდა. 

კლინიკაში ამბობენ, რომ ორშაბათამდე მუშაობა შეაჩერეს. 

''ადმინისტრაციის ერთ ერთ თანამშრომელს დაუდგინდა კორონავირუსი. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები და შაბათ-კვირას შენობის სრული დეზინფექცია იგეგმება. მუშაობას ორშაბათს განვაახლებთ. სანამ ყველა კონტაქტირებული პირი არ გამოვლინდება და ტესტირება არ ჩატარდება კლინიკა დახურული იქნება. შემხებლობა ბევრ ადამიანთან არ ჰქონდა, თუმცა სიას ეპიდემიოლოგიური სამსახური გამოიკვლევს'' - უთხრა ჟურნალისტებს კლინიკურმა მენეჯერმა დალილა ცივაძემ.

კორონავირუსი დაუდასტურდა ''მედცენტრში'' ერთ-ერთ პაციენტსაც. სამედიცინო დაწესებულებაში მოქალაქის ინფიცირების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. კლინიკაში რამდენიმე დღის წინ covid-19  ტექნიკური სამსახურის თანამშრომელს დაუდგინდა. 

ინიფიცირებულს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას გააგრძელებს.

რაც შეეხება კონტაქტებს, მედპერსონალს და იმავე სართულზე მყოფ სხვა პაციენტებსაც ჩაუტარდათ ტესტირება და კვლევის შედეგები უარყოფითია. 

''პაციენტს, რომელიც გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას დაუფიქსირდა ტემპერატურის მატება, რადგან ქვეყანაში არის რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება გადაწყდა მისი იზოლაცია და პისიარ ტესტირების ჩატარება. პასუხი მოვიდა დადებითი. მედპერსონალის უფრო ღრმა კვლევაც ჩატარდება და გადავლენ ისინი იზოლაციაში''- აცხადებენ მედ ცენტრში.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებული იყო კლინიკა ბაუ-ს თანამშრომელიც. 

კლინიკებში ინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებმა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს დაუსვეს შეკითხვა. რუსუდან შავიშვილმა თქვა, რომ საავადმყოფოები არ დაიხურება. ისინი მართვის სხვა სისტემაზე გადავლენ. 

გასულ დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი