პალატებში შევიტანეთ სადეზინფექციო ხსნარები, პაციენტებს კი წყალს ბოთლებით მივაწვდით - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი 

09 სექტემბერი 2020, 14:44 2502 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც კოვიდმიმღები ცენტრია 9 სექტემბრის მონაცემებით, 115 პაციენტი მკურნალობს. სამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, თუმცა მართვით სუნთქვაზე არცერთი მათგანი არ არის. 

სამედიცინო დაწესებულების დირექტორის განცხადებით, 20 პაციენტს აღენიშნება პნევმონია, მიმდინარეობს ანტიბიოტიკური და ანტივირუსული თერაპია.

სამი მოქალაქე გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. ერთი პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. გია კიკაბიძის თქმით, ვირუსი დაუდასტურდა ინფიცირებულის შვილს, რის გამოც ისინი სხვა რეგიონში არსებულ კლინიკაში მოათავსეს. 

გუშინ, ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვებოდა, რომ კლინიკაში გაუმართავი იყო ინფრასტრუქტურა და ასევე იყო ანტისანიტარია.  ნათია დუმბაძის თქმით, არ მუშაობს საკომუნიკაციო და საგანგაშო ღილაკები. პაციენტი ირწმუნებოდა, რომ მედიკოსები სპეციალური ეკიპირების გარეშე გადაადგილდებიან, ზოგჯერ პირბადის გარეშეც კი.

დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, რომ პრობლემების ნაწილი მოგვარებულია. პაციენტებს წყალს პლასტმასის ბოთლებით მიაწვდიან, დაემატა მედპერსონალიც. პალატებში ასევე შეიტანეს სადეზინფექციო ხსნარებიც. 

''გვყავდა 20-25 პაციენტი და ბოლო დღეების განმავლობაში ერთბაშად ათობით პაციენტის დაემატა მოხდა. მენეჯმენტი გადავაწყვეთ, მოხდა ექიმების, ექიმებისა და დამხმარე პერსონალის მობილიზება. გაიზარდა მომსახურე პერსონალის რაოდენობაც. აქამდე ერთ სართულზე იყო კოვიდგანყოფილება, ახლა კი სამივე სართული ავითვისეთ.  პრობლემები იყო და ეს გამოწვეული იყო იმით, რომ უცებ ამდენი ავადმყოფი შემოვიდა. 25 კოვიდპაციენტის ერთდროულად მიღება ეს არ არის ჩვეულებრივი სომატური პაციენტის მიღება, თითოეულს უნდა ჩააცვა, ტომოგრაფია გადაუღო და ეს დროს მოითხოვს. 

პალატებში დღეს სადეზინფექციო ხსნარები შეიტანეს და წყალი დაურიგდებათ ბოთლებით. აპარატით გვაქვს წყალი და ეს არ მოეწონათ, ამიტომ პლასტმასის ბოთლებით მიეწოდებათ'' - განაცხადა გია კიკაბიძემ. 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში 25 საწოლია და ასევე აქვთ 25 სუნთქვის აპარატი. 

დღეს კლინიკიდან 18 პაციენტი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. სასტუმროში 24 საათის განმავლობაში იმორიგევებს ექიმი და ექთანი. ესენი არიან უსიმპტომო პაციენტები, რომლებმაც მკურნალობის ერთკვირიანი კურსი კლინიკაში უკვე გაიარეს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი