ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე "ბათუმი ცენტრალის" პროექტი განიხილეს, რომლის მიხედვითაც კომპანია თამარის დასახლებაში 38 სართულიანი მრავალფუნქციური კორპუსის მშენებლობას გეგმავს. დღევანდელ სხდომაზე არქიტექტურის სამსახურის უფროსმა შემოიტანა წინადადება, რომლის მიხედვითაც მშენებელი მასშტაბების ზრდას და k2 კოეფიციენტის მატებას ითხოვდა.
სხდომაზე იყო შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ თამარის დასახლებაში ისედაც გადატვირთულია მოძრაობა და ეს პროექტი კიდევ უფრო გაართულებდა იქ არსებულ სიტუაციას.
მერიაში ამბობენ, რომ პროექტის მომზადება და შემოტანა გასულ წელს მოხდა, როცა ახალი კოდექსი არ იყო დამტკიცებული, რომლის მოთხოვნები ბევრად მკაცრია.
"განცხადებით მოთხოვნილია k2-ის გადამეტება ზონის შეუცვლელად 3,2 დან 5,4-მდე და მათ აქვთ ჩაფიქრებული დაახლოებით 30 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება ამ ტერიტორიაზე. დღეს საკრებულოზე ფაქტიურად ხდება ბოლო ეტაპის დამტკიცება. კომისიამდე კომპანიამ ჩაატარა საჯარო განხილვა და მოსმენა. მოწვეული იყვნენ სპეციალისტები, არასამთავრობოები, ჟურნალისტები"-განაცხადა ბათუმის მერიის ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა მირიან მეტრეველმა.
ბათუმის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე კომპანიის მიერ წარდგენილ განაშენიანების რეგულირების გეგმას მხარი დაუჭირა.