ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ 4 პირი განიკურნა. რეგიონში ამჟამად ვირუსი სულ 24 პირმა დაამარცხა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
ნინო ნიჟარაძის თქმით, აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გუშინ გაიტესტა 97 პირი და ყველას პასუხი უარყოფითია.
"რეგიონში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. გუშინ გაიტესტა 97 პირი და ყველასთან მიმართებაში მოვიდა უარყოფითი პასუხი. აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 4 პირი განიკურნა. სულ რეგიონში 24 გამოჯანმრთელებული გვყავს. კლინიკა "მედალფაში" არის 30 დადასტურებული პაციენტი, ერთის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. 35 დადასტურებული შემთხვევაა ე.წ ქობულეთის კლასტერიდან, მათთან მიმართებაში მყოფი კონტაქტირებული პირების თითქმის 80% დიაგნოსტირებულია.
ზოგადად სიტუაცია კონტროლირებადია. თუმცა ამ სიტუაციის განვითარება ჩვენზეა დამოკიდებული. აუცილებელია სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესების დაცვა"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, სოფელ გვარას მაცხოვრებლებს დაუსრულდათ იზოლაციის პერიოდი. შემდეგი იქნება ლეღვა და მუხაესტატე, რომლებსაც იზოლაციის პერიოდი უსრულდებათ 30-ში. მოხდება ადგილობრივთა განმეორებით გადამოწმება.მისივე განცხადებით სოფლების დამატებითი შეზღუდვებისგან გათავისუფლების გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლისა და საკორდინაციო საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ მოხდება.