ნაჯახით მიდგნენ ღირებულებებს და კანონებს - მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილის მიმართვა

06 მარტი 2020, 20:43 3620 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნას აპროტესტებენ. ''ჟურნალისტებთან ომი ამ ქვეყანაში არავის მოუგია'' - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

''ის, რომ თეონა ბაკურიძე შეიძლება გიორგი კოხრეიძის მორიგი მსხვერპლი ყოფილიყო, ამის მოლოდინი ჩვენ გვქონდა. იმ პროცესებიდან გამომდინარე რაც მაუწყებელში, ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ ხდება. ვიცით ისიც, რომ მორიგი მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა უნდა შევწყვიტოთ.

ის, რომ პარასკევს სამსახურიდან ვიღაც კიდევ უნდა წასულიყო და დღის ბოლოს დირექტორის ბრძანებას დაგვაწევდნენ, ამის მოლოდინი ყველას გვქონდა. 

ჩვენ ვნახეთ ნიუსრუმის მენეჯმენტის დასჯა, როცა შორენა ღლონტი გაუშვეს სამსახურიდან, როცა მაია მერკვილაძე ჩამოაშორეს თანამდებობას. გიორგი კოხრეიძემ თავისი დაუსაბუთებელი ბრძანებით გვითხრა, რომ კრიტიკულები თუ იქნებით ასე მოვიქცევი, ნახევარი დღის განმავლობაში ორ ფურცელზე რაღაცას დაწერს. ასეთი არაკვალიფიციური ბრძანებებით თუ აპირებს გიორგი კოხრეიძე ფონს გავიდეს ცდება. მისი დირექტორობის დროს თუ არა მერე მაინც დადგება ამ საკითხზე რეაგირება'' - თქვა მაუწყებლის ეთერში ლაშა ზარგინავამ. 

ჟურნალისტები რეაგირებისკენ უმაღლესი საბჭოს წევრებსაც მოუწოდებენ. მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი სწორედ ''ქართული ოცნების'' კვოტითაა არჩეული.

''ძალიან ემოციურად ვარ და არ მინდა ეთერში ამეტიროს. პირველ რიგში თეოს მინდა მივმართო, ჩემს ძალიან კარგ კოლეგას, მინდა ვუთხრა, რომ დღეს მას არაფერი არ შეშლია. ვიღაცეები ცდილობენ საზოგადოებას დაანახოს, რომ ჩვენ გვძულს გიორგი აბაზაძე, ეს ასე არ არის. უბრალოდ ასეთი არაკომპეტენტური ადამიანის დანიშვნა არ შეიძლებოდა. 

მინდა მივმართო უმაღლესი საბჭოს წევრებს, როგორ გინდათ სტუდიაში დაგხვდეთ, როგორც დას, ძმას და ნათესავს, როგორც ეს გიორგი კოხრეიძემ ითხოვა? შეგრცხეთ ბოლოს და ბოლოს'' - თქვა პირდაპირი ჩართვის დროს საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თეონა თურმანიძემ. 

მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარის თქმით, ეს პროცესი სამართლებრივი არ არის და ამას სასამართლოშიც დაამტკიცებენ.  

''იმედია თეონა ბაკურიძე იქნება იქნება რვასაათიანი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და მენეჯმენტი ბოლომდე ვერ წავა ამ ნაბიჯზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანები კრიტიკული პოზიციების გამო ეთერიდან არ მოხსნან. არ არის ეს სამართლებრივი პროცესი, სამართლებრივი პროცესი რომ არ არის ამას ჩვენ დავამტკიცებთ სასამართლოში. 

მათ ქონდათ წარმოდგენა, რომ აქ ჩამოვიდოდა გიორგი კოხრეიძე დირექტორად და რაღაც ორ წუთში დაალაგებდა სიტუაციას. ისინი არ ელოდნენ, რომ ჩვენ შევძლებდით თვითორგანიზებას, არ ელოდნენ, რომ კოლექტიური დავის დოკუმენტს მოვძებნიდით, რომლის განხილვაც მოუწევდათ. ისე დავწერდით, რომ ვერ იტყოდნენ უარს დოკუმენტის ჩაბარებაზე. 

ახლა გადავიდნენ იმ პროცესზე, რომ ადამინების თავებზე გაიარონ, ნაჯახით მიდგნენ ღირებულებებს და კანონებს. საბოლოოდ კი გამოიწვიონ, ის რომ როდესაც კოლექტიური დავა დაიწყება და გაფიცვის უფლება წარმოგვეშვება, მაუწყებელში ადამიანი აღარ იყოს დარჩენილი, ვინც გაიფიცება'' - ამბობს მალხაზ რეხვიაშვილი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ 8 საათიანი გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნა.

გადაწყვეტილება თეონა ბაკურიძე, რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა.

დირექტორის ბრძანებაში ნათქვამია, რომ თეონა ბაკურიძემ, საინფორმაციო სამსახურის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი აბაზაძე არ მისცა საქმიანობის განხორციელების უფლება. გიორგი კოხრეიძე მტკიცებით, თეონა ბაკურიძე ფსიქოლოგიურად აიძულებდა განცხადება დაეწერა გიორგი აბაზაძეს და წასულიყო სამსახურიდან.

დირექტორი ამბობს, რომ რეკომენდაცია მრჩეველთა საბჭოზე ლალი ბერძენიშვილისა და ფირუზ ბოლქვაძისგან მიიღო. მას მეორე მხარის განმარტებების შესახებ, ბრძანებაში არაფერი უწერია.

დირექტორის ბრძანებით, თეონა ბაკურიძე ორშაბათიდან, 9 მარტიდან ეთერში აღარ შევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი