გიორგი კოხრეიძეს კარგად ესმის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა - გიგა ჩხარტიშვილი

22 ნოემბერი 2019, 18:04 1722 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძეს კარგად ესმის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, ახალი დირექტორის ხედვები და კონცეფცია   მისთვის მისაღებია. გიგა ჩხარტიშვილის თქმით, ტელევიზია 7 თვეა დირექტორის გარეშეა დარჩენილი, ასე მუშაობის გაგრძელება კი, შეუძლებელი იყო. 

''მე გიორგი კოხრეიძეს დავუჭირე წინა კონკურსზეც მხარი და ეს გადაწყვეტილება ახალი არ არის. რამდენიმე ახალი კონკურსანტი იყო, მათთან შეკითხვები მქონდა, რაზეც პასუხი ვერ მივიღე. ​მეოთხეჯერ ვუსმენ გიორგი კოხრეიძეს. მას კარგად ესმის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, ის თუ რა ფუნქციები უნდა შეასრულოს მაუწყებელმა. ჩემთვის მისაღებია მისი ხედვა. ბოლომდე მისაღები ყველა კანდიდატი, ყველასთვის ვერ იქნება. რაღაცა ტიპის კონსენსუსი უნდა იყოს მიღწეული ყოველთვის.  მაუწყებელი უკვე 7 თვეა კრიზისშია და ეს კრიზისი შეუძლებელია კიდევ გაგრძელებულიყო. 

მართალია კარგი იქნებოდა გადაწყვეტილება მიეღო მრჩეველთა საბჭოს 5 წევრს, მაგრამ ეს ტექნიკურად ვერ მოხერხდა. 7 თვეა უკვე მაუწყებელი დირექტორის გარეშეა. ვერ განვიხილეთ მომავალი წლის ბიუჯეტი, იმის გამო, რომ ველოდებოდით ახალ დირექტორს. ბევრი შეცდომაც იყო, მქონდა შეკითხვები მაგალითად მაია მერკვილაძესთან, რომლებზეც პასუხები ვერ მივიღე.

მომწონს ახლა როგორც მუშაობს მაუწყებელი, მაუწყებელში უნდა იყოს პოზიტივი და კრიტიკა'' - განაცხადა კითხვებზე პასუხის გაცემის დროს გიგა ჩხარტიშვილმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა. მას ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდა. 

პირველი კენჭისყრის დროს ხმები სამ კანდიდატს შორის გაიყო. ორი ხმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო, ერთი ფირუზ ბოლქვაძემ, ერთიც მაია მერკვილაძემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი