20-21 ივნისს აქციის დაშლის დროს დაშავებულ არც ერთ ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს

11 ოქტომბერი 2019, 12:01 1508 ნახვა

20-21 ივნისს აქციის დაშლის დროს დაშავებულ არც ერთ ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.  ცნობილი მოვლენებიდან დაზარალებულად მხოლოდ 4 მოქალაქე სცნეს. გაცილებით დიდია სამართალდამცველთა რიცხვი. ამ სიაში 67 პოლიციელი მოხვდა. სამი თვის წინ აქციის დარბევის დროს დაშავდნენ ჩვენი ჟურნალისტი და ოპერატორი. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ბრიფინგი გაიმართა. 

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, ძალის გადამეტებით, აქციის დაშლისას დაშავებულია მედიის 38 წარმომადგენელი, თუმცა მათ მიმართ, არ არის დაწყებული საქმე, ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელისშეშლის კუთხით. ისინი ასევე არ სარგებლობენ დაზარალებულის სტატუსით. როდესაც ვსაუბრობთ ძალის გადამეტებით აქციის დაშლაზე, რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას უნდა გავუსვათ ხაზი. ეს გახლავთ ის, რომ აქციის დაშლისას არ იქნა გამოყენებული კანონით გათვალისწინებული პირობა - ეს გახლავთ დემონსტრანტების გაფრთხილება მოსალოდნელი ზალის გამოყენების თაობაზე. 

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გამოქვეყნებული ჰქონდათ ამგვარი გაფრთხილება ეს საპირწონედ ვერ მიიჩნევა. ეს აქციის მონაწილეებისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ როდესაც დარბევა დაიწყო ცრემლსადენი გაზით, ძალიან სწრაფად მას მოჰყვა რეზინის ტყვიები, ისე რომ არ იყო ამოწურული ნაკლები სიმძიმის სპეციალური საშუალებების გამოყენების რესურსი. 

ამ დროს მოხდა ჟურნალისტების დაზიანება, რომელთა იდენტიფიცირებაც ადვილად იყო შესაძლებელი. 

''ადამიანის უფლებათა ცენტრს'' აქვს მოთხოვნა ცალკე იყოს გამოყოფილი ჟურნალისტების საქმის წარმოება და მათ დაუყოვნებლივ მიანიჭონ დაზარალებულის სტატუსი. როდესაც ვხედავთ, რომ 67 პოლიციელს დაზარალებულის სტატუსი უკვე აქვს, ხოლო მოქალაქებიდან მხოლოდ 4  - ეს ბადებს კითხვებს'' - განაცხადა ბრიფინგზე იურისტმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი