ინტერპოლით ძებნილი, ეროვნებით ჩეჩენი საქართველომ რუსეთს გადასცა. რამზან ახიადოვის ექსტრადიციას EMC ეხმაურება.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველომ რისკები სათანადოდ არ შეაფასა, რითაც წამებისგან და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის აბსოლუტური უფლება დაარღვია.
იუსტიციის მინისტრმა კი გუშინ თქვა, რომ ახიადოვს ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებასა და ბრძოლის ეპიზოდებში ედება ბრალი. თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ მანამ, სანამ ექსტრადიციაზე დათანხმდებოდა, რუსეთისგან მიიღო წერილობითი გარანტია, რომ ახიადოვს არ დაემუქრება წამება.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ რამზან ახიადოვი 2017 წლიდან ამ დრომდე ქუთაისში ცოლთან და ოთხ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. 2018 წლის დეკემბერში კი დააკავეს.
''დაკავებული და მისი ადვოკატი მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ ექსტრადირების შემთხვევაში რამზან ახიადოვი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდა, რის გამოც, მისი გადაცემა რუსეთის ხელისუფლებისთვის დაუშვებელი იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით ახიადოვმა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღება ითხოვა. თუმცა, მოთხოვნა ჯერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, მოგვიანებით კი ორივე ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
EMC მიიჩნევს, რომ ექსტრადირებულის მიმართ მიღებულ სასამართლო აქტებში და იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაში სათანადოდ არ არის დასაბუთებული რამზან ახიადოვის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მაღალი რისკის არ არსებობა.
ორგანიზაციის განცხადება უფრო ვრცლად ნახეთ ლინკზე.