ფინეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროები აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურებიან. შესაბამისი განცხადებები უწყებების ტვიტერზე გამოჩნდა. „ფინეთი საქართველოს სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას ადასტურებს. ჩვენ არ ვცნობთ აფხაზეთში 25 აგვისტოს ე.წ. „არჩევნების“ ჩატარებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს“, - ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში.
მსგავსი განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლეილა აბდულაევამაც გამოაქვეყნა: „აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს 2019 წლის 25 აგვისტოს საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“ და მათ შედეგებს“. მანამდე ე.წ. არჩევნები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაგმო.