ყველაზე ''ცხელი'' დღეები აბიტურიენტებისთვის - ხვალ ეროვნული გამოცდები იწყება

30 ივნისი 2019, 11:42 3107 ნახვა

ხვალ, 1 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. წელს პირველად ბათუმში ორი საგამოცდო ცენტრი იმუშავებს.

აბიტურიენტთა გაზრდილი ნაკადის გამო, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, საგამოცდო ცენტრი, პირველ საჯარო სკოლაშიც იქნება. 

აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 1 და 2 ივლისს გამოცდა ორ სესიად ჩატარდება. რომელ საგამოცდო ცენტრში უნდა მივიდნენ აპლიკანტები და რომელს საათზე - ამას საგამოცდო ბარათზე ნახავენ.

მაგალითად თუ საგამოცდო ბარათში გამოცდის დაწყების დრო მითითებულია 08:00 საათი, ეს იმას ნიშნავს, რომ რეგისტრაცია იწყება 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა დაიწყება 9-ზე. იმისთვის, რომ გამოცდაზე არ დააგვიანოთ ცენტრში უნდა მიხვიდეთ, ბარათზე მითითებულ დროს. 

რაც შეეხება სექტორსა და მაგიდის ნომერს, რომლის შესაბამისი გრაფები საგამოცდო ბარათზე ცარიელია, ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ გაიგებთ.

წელს პირველად კამპანია #არდაიგვიანო გაიმართა. იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი გამოცდაზე დააგვიანებს, ის პროცესს ავტომატურად გამოეთიშება. 

გამოცდაზე აუცილებელად თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი. ამ საბუთების წარდგენის შემდეგ, აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში შედის. აკრძალულია მობილური ტელეფონის, და დამხმარე მასალის ანუ ე.წ. შპარგალკის შეტანა. თუ აბიტურიენტს თან აქვს მობილური ან წიგნები, მას შეუძლია, ყველაფერი ცენტრში შემოსვლისას ჩააბაროს, რისთვისაც სპეციალური კუთხეა გამოყოფილი. ნებადართულია წყლის შეტანა, მაგრამ ის შუშის ბოთლში არ უნდა იყოს. 

წელს ბათუმში 41 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, გამოცდების და შეფასების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით,  აბიტურიენტების რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია. 

აჭარაში მესამე საგამოცდო ცენტრიც იმუშავებს. ის დაბა ხულოს ახალრეაბილიტირებულ სკოლაში გაიხსნება. 

საგამოცდო პროცესი ზუსტად 24 დღეში დასრულდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი