მოწმე ხაზარაძემ გამოძიებასთან სრულყოფილად არ ითანამშრომლა - პროკურატურა

06 მარტი 2019, 00:00 1551 ნახვა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მამუკა ხაზარაძემ წერილთან დაკავშირებით გამოძიებასთან არ ითანამშრომლა,  სასამართლოში წარადგინა წერილის ასლი, რომელიც არანაირ მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს და ნიშნებს არ შეიცავდა. თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ასევე არ დაასახელა შუამავლის ვინაობაც. 

''მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ,  გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის  ვინაობა,  ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა'' - წერია პრკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას.

''ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა აქვეყნებს სასამართლოში მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ ე.წ. დოკუმენტს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან'' - წერია განცხადებაში. 

მამუკა ხაზარაძე გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. ორი დღის წინ, კი თიბისი ბანკის დამფუძნებელმა პარლამენტში დეპუტატებს უთხრა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. 

ამავე კატეგორიაში