არ არის გამორიცხული ოპოზიცია პირველივე სხდომაზე შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, რადიკალებმა იცოდნენ, რომ საპარლამენტო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით დაწერილ განცხადებებს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს იქამდე, სანამ პარლამენტი მათ უფლებამოსილებას არ ცნობს.
მდინარაძის განმარტებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატებზე თქვან უარი, რასაც მამუკა მდინარაძის განმარტებით არც ერთი მათგანი არ გააკეთებს.
„საბოლოოდ, ისინი ფიქრობენ პარლამენტში შემოსვლას გარანტირებულად. იმიტომ, რომ მათ შეუძლებელია არ სცოდნოდათ, როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებას, არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, ეს დაშვება პირობითია, რადგან მათ იციან, მაგრამ მაინც ამ პირობითი დაშვების ფარგლებში შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს. მაგრამ ასეთის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს. სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე მათ განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში.
ისინი ატყუებენ თავის ამომრჩეველს, რომ თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ, როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავის სიტყვას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, რადიკალებმა ქვეყნის წინაშე მძიმე დანაშაული ჩაიდინეს.
მდინარაძის განცხადებით, ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება არ არსებობს.
„თუ ისინი ცდილობენ გასასვლელის პოვნას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კუთვნილება-არ კუთვნილებასთან მიმართებით, მე შემიძლია ვუთხრა მათ, რომ მათ რაც დაწერეს და გაიფორმეს თავისი წერილით ევროპელების და ევროპის მიმართ, ისინი არიან ჯაშუშები და არა საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მათ „ნაცებს“ ზოგადად ვეძახით, რადგან „ნაცობა“ უკვე ჯაშუშობის სიმბოლო გახდა. თუ აინტერესებთ რატომ „ნაცები“, მაგალითად იმიტომ, რომ გახარიას პარტიას 4 მუნიციპალიტეტში კოალიცია აქვს მასთან.
იმიტომ, რომ გახარია პრემიერ მინისტრობიდან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არ დაჭერის გამო გადადგა. იმიტომ, რომ ხაზარაძე „ნაცმოძრაობის“ რეკეტი იყო. ეს „ნაცმოძრაობასთან“ კორელაციას რაც შეეხება, მაგრამ ახლა გაცილებით მძიმე რაღაც ჩაიდინეს და საკუთარი ქვეყნის დასჯა ევროკავშირს მოსთხოვეს. ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება არ არსებობს. ამას ვინმე გაიფიქრებდა, რომ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში „დანოსს“ გააგზავნიდა, რომ ძალიან გთოვთ დაგვსაჯეთო?! ჯაშუშობა სხვა რა არის?! შეიძლება ვერასდროს მოვიპოვოთ მტკიცებულება ხელმოწერის, რომ ისინი არიან ჯაშუშები, მაგრამ მეტი მტკიცებულება რა გვინდა?!“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან საზოგადოება ბოლო დღეებში შეეჩვია განცხადებებს, რომ ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა და რომ არსებობს იმის საფუძველი, პარლამენტის პირველი სხდომა არ დაინიშნოს.